22 ნოემბერს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში, აიეტის გინეკოლოგიის ინტერესის ჯგუფის (GIGA) რიგით მეოთხე ვორქშოფი ჩატარდა. ვორქშოფი შედგებოდა ორი, თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან. თეორიულ ნაწილში, განხილულ იქნა მეან/გინეკოლოგია, როგორც პროფესია, მისი პოზიტიური და ნეგატიური ასპექტები და მსმენელს მიეწოდა ინფორმაცია, ამერიკის შეერთებულ შტატებში, აღნიშნული პროფესიის დასაუფლებლად გასავლელი აუცილებელი ნაბიჯების შესახებ. პრაქტიკულ ნაწილში კი, მონაწილები დაეუფლნენ გინეკოლოგიური გასინჯვისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. ასევე, საშუალება ჰქონდათ, მულაჟებზე საკუთარი ხელით განეხორციელებინათ შემდეგი მანიპულაციები: ბიმანუალური გასინჯვა, სარკის ჩადგმა, პაპ ტესტისა და სხვადასხვა ტიპის ნაცხის აღება. ლექციას უძღვებოდა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მეექვსე კურსის სტუდენტი და გინეკოლოგიის ინტერესის ჯგუფის პრეზიდენტი, ანა მეტრეველი. პრაქტიკულ ნაწილში კი, დამსწრე სტუდენტებისგან შექმნილ ორ ჯგუფს ზედამხედველობდნენ ანა მეტრეველი, გვანცა ქოჩიაშვილი, მარიამ ლობჯანიძე, ანა კახიძე, მარიამ ჯაში, მარიამ სილაგავა, მარიამ ხააძე, თამარ ჩომახიძე და მარიამ სვანაძე (გინეკოლოგიის ინტერესის ჯგუფის საორგანიზაციო საბჭო, ვორქშოფის ტუტორები და აქტიური წევრები, უკლებლივ არიან დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები).
აიეტის გინეკოლოგიის ინტერესის ჯგუფი, მთლიანად სტუდენტური ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, მეან/გინეკოლოგიით დაინტერესებულმა სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება და დაეხმარონ კარიერულ წინსვლაში. თუმცა, ჯგუფის მიერ გამართული ვორქშოფების ფორმატი, გარდა სტუდენტური აქტივობებისა, მოიცავს დარგის სხვადასხვა სპეციალისტების ჩართულობასაც.