2-3-4 ივლისს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა, უწყვეტი სამედიცინო განათლების ტრენინგი „ენისა და მეტყველების დარღვევები ბავშვებსა და მოზარდებში“ (აკრ. №0240; 18 უპგ ქულა) უნივერსიტეტის ასოც. პროფესორის, ექიმ-ნევროლოგის ლიკა ყანდარელის ხელმძღვანელობითა და მულტიდისციპლინური გუნდის წევრთა (მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპიის სუპერვაიზორი) მონაწილეობით.
განხილული საკითხების სპექტრი მოიცავდა:
• თავის ტვინის ანატომიურ და ფუნქციურ მიმოხილვას (3D ფორმატით)
• ნეიროგანვითარებით დარღვევებსა და მათ კომორბიდობებს
• აფაზიის გამომწვევ მიზეზებსა და შეფასების საკითხებს
• დისფაგიას და ვიდეოფლუოროსკოპიულ კვლევას
• ეპილეფსიური აფაზიის სპექტრის დარღვევებს
• აუტისტური სპექტრის დარღვევებსა და ეთიკის საკითხებს
თანამედროვე თეორიული მიდგომების განხილვასთან ერთად, წარმოდგენილი იყო შემთხვევების მულტიდისციპლინური შეფასება SMART- ფორმატით.
ტრენინგის მსმენელთა სპექტრი მოიცავდა ოჯახის ექიმებს, პედიატრებს, ბავშვთა ნევროლოგებს, რეაბილიტოლოგებს, მეტყველების თერაპევტებს, ფსიქოლოგებს, რომლებიც ჩართულნი არიან ქვეყნის პირველადი სამედიცინო და რეაბილიტაცია/აბილიტაციის მიმწოდებელი ორგანიზაციების სერვისებში.
მსმენელთა მხრივ ტრენინგი შეფასდა (ანონიმური კითხვარით), როგორც თეორიული და პრაქტიკული უნარების ამაღლების საუკეთესო პროექტი.