საერთაშორისო მედიცინის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მაღალკვალიფიციური სამედიცინო კადრების მომზადება და უწყვეტი სამედიცინო განათლების უზრუნველყოფა.
ამ მიზანს ემსახურებოდა 1989 წელს დიმიტრი ტვილდიანის თაოსნობით „ქართველ ექიმთა უცხოეთში სპეციალიზაციის ფონდის“ დაარსება. ფონდში 200-ზე მეტი ახალგაზრდა ექიმი-სპეციალისტი გაერთიანდა. მათი საერთო მიზანი იყო ამერიკის ექიმთა სალიცენზიო გამოცდის (USMLE) წარმატებით ჩაბარება და შემდგომ რეზიდენტურის კურსის გავლა ამერიკასა თუ სხვა მოწინავე სახელმწიფოების წამყვან კლინიკებში. ამ მიზნისთვის ფონდმა შეიძინა შესაბამისი პროგრამები და სახელმძღვანელოები, თუმცა აღნიშნული პროგრამების დამოუკიდებლად დაძლევა თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. ამ მიზეზის გამო 1991 წლის 18 დეკემბერს დიმიტრი ტვილდიანმა და აკად. დავით ტვილდიანმა დაარსეს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი - „აიეტი“. იმავე წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარდგინებით (011/13 18 .12.91) სასწავლებელს განათლების სამინისტროს მიერ მიენიჭა ლიცენზია (#5-08-2/12;29.01.92).
„აიეტის“ დაარსება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაუდებელ ეროვნულ საქმედ მიიჩნიეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა: აკადემიკოსებმა - ვახტანგ ბოჭორიშვილმა, ვაჟა ოკუჯავამ, თამარ დეკანოსიძემ, გივი დუმბაძემ, ნუგზარ ტატიშვილმა, დავით ტვილდიანმა; პროფესორებმა - თამაზ კერესელიძემ, ლეილა ტყეშელაშვილმა, ირაკლი მეგრელაძემ და სხვ.
„აიეტი“ ერთ-ერთი პირველი არასახელმწიფო უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელია საქართველოში. 2011 წლიდან მას აკად. დავით ტვილდიანის საპატივცემულოდ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი ეწოდა. სტუდენტთა პირველმა მიღებამ სწავლა დაიწყო 1992 წლის 31 აგვისტოს. 1997 წელს 6 ივლისს უნივერსიტეტმა გამოუშვა კურსდამთავრებულთა პირველი თაობა. 2005 წლის 4 თებერვალს „აიეტს“ მიენიჭა სახელმწიფო აკრედიტაცია.
დავით ტვილდიანი (1930 - 2010 წწ.)
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მედიცინის დამსახურებული მოღვაწე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერების დარგში, საქართველოს სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი, უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტის“ დაფუძნებელი და რექტორი.
დავით ტვილდიანი დაიბადა 1930 წლის 14 თებერვალს, ლენტეხის რაიონის სოფ. რცხმელურში. 1948 წელს მედალზე დაამთავრა ლენტეხის საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახემწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით (წითელ დიპლომზე) დაასრულა 1955 წელს. იგი გახლდათ ი. თარხნიშვილის სახელობის სტიპენდიანტი. 1955-58 წწ.-ში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი. 1958 წელს დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 1958-1961 წწ.-ში გახლდათ აკად. მ. წიმაძღვრიშვილის სახელობის კარდგიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კვლევითი უმცროსი მეცნიერ-მუშაკი. 1961 წლიდან გახდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ჯერ უფროსი მეცნიერ-მუშაკი, შემდგომ კი კლინიკური ელექტროფიზიოლოგიის განყოფილების გამგე (1961-69წწ.-ში). 1968 წელს მას მიენიჭა პროფესორის წოდება. 1969 წლიდან იყო თსსუ-ს სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო თერაპიის კათედრის პროფესორი (1969-71 წწ.-ში). 1973 წლიდან კი პედიატრიული ფაკულტეტის საფაკულტეტო თერაპიის კათედრის პროფესორი, 1975 წლიდან კი ამავე კათედრის გამგე. 1972-75 წწ.-ში ასევე იყო სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 1989-95 წწ.-ში ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო მუშაობაში. 1989-2010 წწ.-ში სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა #1 კათედრის გამგე იყო.
დავით ტვილდიანი - მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1982), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1988), საქართველოს განათლების სამინისტროს პირველი ხარისხის პრემიის ლაურეატი სახელმძღვანელოსათვის „კარდიოლოგია“ (1990), საქართველოს სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი (1995), ღირსების ორდენის მფლობელი (2000).
დავით ტვილდიანი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტიპენდიის ეგიდით მუშაობდა ქ. სტოკჰოლმის (შვედეთი) კარდიოლოგიურ ცენტრში (1965-66 წწ.-ში). სამეცნიერო მუშაობისთვის იგი დაჯილდოვდა სტოკჰოლმის მედიკოს-ქირურგიული აკადემიის მედლით, ხოლო ერთობლივი სამეცნიერო მუშაობისთვის დაჯილდოვება ქ. მილანის (იტალია) უნივერსიტეტის მედლით (1989). 2003 წელს არჩეული იქნა ა.შ.შ-ს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების მუდმივ წევრად.
პროფესორი დავით ტვილდიანი ავტორია 180-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 3 - გამოგონება და 9 - მონოგრაფია და სახელმძღვანელო:
1. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობის გამოკვლევის ზოგიერთი მეთოდი. 1964 წ. თბილისი, „საბჭოთა საქართველო“;
2. კორონარული ნაკლოვანების მოდელირება და მისი პათოგენეზის ზოგიერთი საკითხი“ (1965წ.);(ან 1971წ.)
3. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (თერაპიული ცნობარი). 1973 წ. თბილისი. „საბჭოთა საქართველო“;
4. გულის დაავადებათა დიაგნოსტიკის მეთოდები, 1976წ. თბილისი, „საბჭოთა საქართველო“;
5. კლინიკური კარდიოლოგია (დამხმარე სახელმძღვანელო), 1982 წ. თბილისი, „საბჭოთა საქართველო“;
6. კარდიოლოგია (დამხმარე სახელმძღვანელო), 1986 წ. თბილისი „განათლება“;
7. სპოტსმენთა ელექტროკარდიოგრაფია (თანაავტ. ღ.სვანისვილი), 1988 წ. თბილისი, „განათლება“;
8. კლინიკური ელეკტროკარდიოგრაფია (სახელმძღვანელო), 1991 წ. თბილისი, „განათლება“;
9. არითმიების დიფერენციული დიაგნოსტიკა (ინგლისურად თარგმნის რედაქტორი), 1977 . თბილისი, „საქართველო“;
10. შინაგან სნეულებათა სინდრომული დიფერენციული დიაგნოსტიკა და გადაუდებელი თერაპია, 2000 წ. თბილისი, „აღმაშენებელი“;
11. კარდიოლოგია, 2002 წ. თბილისი, „კეგელი“.
ამასთანავე გახლდათ საქართველოში კარდიოლოგიის ახალი მიმართულების დამფუძნებელი - მზის აქტივობისა და გეოფიზიკური ფაქტორების ცვლილებების გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე (ჰელიომაგნიტოკარდიოლოგია). მისი ხელძღვანელობით შესრულდა 15 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია. იგი მრავალი საერთაშორისო ყრილობისა და სიმპოზიუმის მონაწილეო იყო. წლების განმავლობაში გახლდათ თსსუ-ის ხარისხების მიმნიჭებელი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე კარდიოლოგიაში.
დავით ტვილდიანის სამეცნიერო მუშაობის ძირითადი მიმართულება გახლდათ კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგია. მან ქრონიკული ექსპერიმენტის პირობებში შეიმუშავა სტენოკარდიის, გულის კუნთის ინფაქტის, სისხლისმიმოქცევის დიდ და მცირე წრეებში რეგულირებადი ჰიპერტენზიის მოდელირების მეთოდები, რომლებიც გამოქვეყნდა უცხოურ ლიტერატურაში და დაინერგა სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში. აღნიშნული გამოგონებების მეშვეობით შესწავლილ იქნა გულის კუნთის ინფაქტის განვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხები.