დეკემბერი ინფანტილური ეპილეფსიური სპაზმების ცნობადობის ამაღლების თვე
14 დეკემბერს, სასტუმრო “რედისონში”, საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ახალგაზრდული ასოციაციის მიერ, ა.ლაჭყეპიანის სახელობის საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციისა და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ჩატარდა კონფერენცია თემაზე -“ერთად ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ინფანტილური ეპილეფსიური სპაზმები!”. კონფერენციას ესწრებოდნენ პედიატრები, ბავშვთა ნევროლოგები და ნევროლოგები.
კონფერენციის მიზანი იყო პედიატრიული რგოლის ინფორმირება ინფანტილური ეპილეფსიური სპაზმების სინდრომის შესახებ.
ამ სინდრომის დროული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ადრეული ამოცნობა და მკურნალობა მკვეთრად აუმჯობესებს პაციენტთა ნეიროგანვითარებით გამოსავალს.
მომხსენებლებმა ისაუბრეს სინდრომის კლინიკური ნიშნების, ელექტროენცეფალოგრაფიული მახასიათებლებისა და გამოსავლის შესახებ.
წარმოდგენილი იყო ინფანტილური ეპილეფსიური სპაზმების დიაგნოსტიკისა და მართვის განახლებული ნაციონალური პროტოკოლი.