თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგ-პროგრამის კურსი: „ბავშვთა და მოზრდილთა ნევროლოგიური დარღვევების რეაბილიტაციური მკურნალობა“
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში, დტსუ-ს ასოცირებული პროფესორისა, და ნევროლოგის ლიკა ყანდარელის ხელმძღვანელობით, გაიმართება თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგ-პროგრამის კურსი: „ბავშვთა და მოზრდილთა ნევროლოგიური დარღვევების რეაბილიტაციური მკურნალობა“
ნევროლოგების, რეაბილიტოლოგების და ფიზიკური თერაპევტებისთვის, დტსუ-ს სერტიფიკატის მინიჭებით (60 საკონტაქტო საათი).
აღნიშნული ტრენინგები ჩატარდება შერეული (დასწრება-დისტანციური) ფორმატით, 6 კვირის მანძილზე, თეორიული ლექცია/შემთხვევების და პრაქტიკული ფიზიოთერაპიული ტექნიკების განხილვით (დასწრებით, 5 სთ-იანი) ყოველ შაბათს, თეორიულ/პრაქტიკული დისტანციური მეცადინეობებით კვირაში 2-ჯერ (2,5 სთ-იანი).
ტრენინგ-პროგრამა განკუთვნილია ჩვენს ქვეყანაში არსებული სხვადასხვა რეაბილიტაცია/
აბილიტაციის სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების მულტიდიციპლინური გუნდის წევრების, ნევროლოგების, რეაბილიტოლოგების და განსაკუთრებით, ფიზიკური თერაპევტებისთვის.
პროგრამის მიზანია მოამზადოს ნეირორეაბილიტაციის გუნდური მუშაობის თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების საერთაშორისო დონის კადრი, რეაბილიტაციური პრაქტიკისთვის მოთხოვნილი აუცილებელი ფუნდამენტური ცოდნითა და გაცნობიერებით, უნარებითა და ღირებულებებით. პროგრამის ამოცანებია – სასწავლო კურსის შინაარსის/მოცულობის, ასევე სწავლებისა და სწავლის იმგვარი ორგანიზება, რომელიც ხელს შეუწყობს მონაწილეს თანამედროვე მიდგომებით განახორციელოს:
• პარტნიორული მუშაობა შეზღუდულობის მქონე პირთან და მის ოჯახთან
• აკურატული ინფორმაციის მიღება უნარშეზღუდულობის ბუნებაზე, ისტორიაზე, პროგნოზზე
• უნარშეზღუდული პირის და მისი ოჯახის საჭიროებების და შეგრძნებების მოსმენა-გაგება
• სხვა კოლეგა-პროფესიონალებთან ერთად მუშაობა ინტერდისციპლინური მოდელში
• საჭიროების შემთხვევაში ძირითად მზრუნველთან ან ადვოკატთან დაკავშირება
• რეაბილიტაციის რეალისტური მიზნების გამოყოფის ხელშეწყობა, რომელიც მისაღებია როგორც პირის უნარშეზღუდულობის და მისი ოჯახის, ასევე სოციალურ და დამქირავებლის საჭიროებებისთვის.
• ინტერდისციპლინური გუნდური მიდგომისთვის მნიშვნელოვანი ეთიკური ღირებულებების გამომუშავება/გაუმჯობესება;
• მომავალი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში უწყვეტი სწავლისა და განვითარებისთვის მზადყოფნა.
აღნიშნული პროგრამის პრაქტიკული საჭიროება
მსოფლიოში 1,3 ბილიონ ადამიანს (პოპულაციის 16%, ანუ ყოველი 6-დან 1-ს) აღენიშნება რაიმე ტიპის უნარშეზღუდულობა (WHO, 2023), ხოლო ნევროლოგიური დარღვევები მოტორულ/კოგნიტური უნარშეზღუდულობის ერთერთ მთავარ მიზეზია. საქართველოში, სახელმწიფოს მიერ, ბევრი რამ კეთდება შშმ პირების ზრუნვისა და მართვის მოდელების გასაუმჯობესებლად, საზოგადოების დამოკიდებულების და მიდგომის უკეთესობისკენ შესაცვლელად. ამჟამად, 2023 წლიდან, უკვე არსებულ ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის სერვისებს დაემატა მოზრდილთა სერვისი – ინსულტის, თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომი (მწვავე პერიოდიდან 2წ. მანძილზე) რეაბილიტაცია.
რეაბილიტოლოგებთან და ნევროლოგებთან ერთად, ფიზიკური თერაპევტები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ნეირორეაბილიტაციურ ინტერდისციპლინურ გუნდში, მოძრაობითი პრობლემების შეფასება/მართვაში. ექიმის ხელმძღვანელობით, მულტიდისციპლინური გუნდური მიდგომით, შესაძლებელი ხდება განხორციელდეს ნერვული სისტემის დაზიანების შედეგად არსებული დეფიციტის ან ფუნქციური დარღვევების აღდგენა, მინიმიზება ან კომპენსირება. ნეირორეაბილიტაციის ამ წამყვანი რგოლის სპეციალისტების კვალიფიკაცია, თეორიული და პრაქტიკული უნარები, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მიწოდებული სერვისების ხარისხს. ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გამოწვევებია რეაბილიტაციური სერვისების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამობის მხრივ, განსაკუთრებით, ფიზიოთერაპიული თანამედროვე მიდგომების, შეფასების და მართვის კუთხით.
ტრენინგ-პროგრამის შინაარსი, აღწერა და ორგანიზაცია :
სწავლების 6 კვირიანი პერიოდი მოიცავს 2 კომპონენტს:
I კომპონენტი – მოიცავს სწავლების 30 საკონტაქტო საათიან 6 დღეს (დასწრების ფორმატი, 5 სთ-იანი), რომლის დროსაც მოხდება თეორიული საბაზისო რეაბილიტაციის საკითხების განხილვა. თითოეული ნევროლოგიური დარღვევის თეორიული ასპექტები თანხლებული იქნება ფიზიკური თერაპევტის მიერ პრაქტიკული ტექნიკების დემონსტრირებით სტანდარტიზებულ პაციენტთან კომუნიკაციის ფორმაში, ასევე განიხილება ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტების ერთობლივი სეანსები.
I კომპონენტის თეორიული საკითხები (ლექციები) :
• თავის ტვინის ანატომიური და ფუნქციური მიმოხილვა
• ნეირორეაბილიტაციის საფუძვლები, ICF/ICD
• ძალა და მოძრაობის სიფართე
• სიარულის ანალიზი.
• სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებები და მდგომარეობები: ინსულტი; მწვავე და ქრ. მდგომარეობები; დეგენერაციული; ნეიროგანვითარებითი (მათ შორის აუტისტური სპექტრი) დარღვევები და მათი კომორბიდობები
• ბალანსი, ვესტიბულური ბალანსი და რეაბილიტაცია
• ტკივილი, შეფასება და მართვა
• ფიზიკური თერაპიის როლი ნეირორეაბილიტაციაში; შესაფასებელი ინსტრუმენტები და ტექნიკები.
• ოკუპაციური თერაპიის როლი ნეირორეაბილიტაციაში და კოლაბორაცია ფიზიკურ თერაპიასთან.
• ინტერდისციპლინური გუნდური მუშაობის პრინციპები
ფიზიოთერაპიული ტექნიკები:
• ROM – მოძრაობის სიფართის განსაზღვრის ტექნიკები
• BBS – ბერგის ბალანსის შკალა – შეფასების ტექნიკა
• სხეულის მაკონტროლებელი წერტილები (Bobath-ის მეთოდი)
• ნევროლოგიურ დარღვევათა დამახასიათებელი პოსტურალური პატერნი და მათი ფიზიოთერაპიული მართვის ტექნიკა
• მსხვილი მოტორული ფუნქციების (თავის კონტროლი, ბრუნვები, წამოჯდომა, ოთხზე დგომა, წამოდგომა, დგომა- NDT) ფასილიტაცია ფიზიკური თერაპიის ტექნიკებით
ოკუპაციური თერაპიის თეორიულ/პრაქტიკული საკითხები:
• ფუნქციონირების, შესაძლებლობის შეზღუდვისა და ჯანმრთელობის საერთაშიროსო კლასიფიკაცია (ICF) – აქტივობა და მონაწილეობა;
• ოკუპაციური თერაპია – შესავალი ცნებები ოკუპაციურ თერაპიაში, ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტების ერთობლივი სენსები სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევების შემთხვევებში.
• პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის ბაზისური საკითხები
• ყოველდღიური ცხოვრებისეული საქმიანობების დროს გასათვალისწინებელი კომპონენტები ნევროლოგიური დარღვევების დროს.
• თამაში, როგორც წამყვანი საქმიანობა ბავშვისთვის.
• პაციენტისთვის უსაფრთხო გარემოს მოწყობა
• ფუნქციონირების გაზრდისთვის საჭირო დამხმარე ავეჯი.
• კვების და თვითმოვლის აქტივობების დროს უსაფრთხოების საკითხები.
• ოკუპაციური თერაპიის როლი ინტერდისციპლინურ გუნდში მუშაობისას.
II კომპონენტი – მოიცავს თეორიულ/პრაქტიკულ 30 საკონტაქტო საათიან 12 დისტანციურ მეცადინეობას (კვირაში 2-ჯერ, თითოეული 2,5 სთ).
II კომპონენტის განსახილველი საკითხებია:
• ცალკეული ნევროლოგიური დარღვევების (ნეიროგანვითარებითი – ცერებრული დამბლა, აუტისტური სპექტრი; ინსულტი; პარკინსონის დაავადება; გაფანტული სკლეროზი; გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი; ზურგის ტვინის დაზიანებები; კუნთთა პროგრესირებადი დისტროფიები) რეაბილიტაციური მკურნალობის თანამედროვე მეთოდების განხილვა ქეისებზე დაფუძნებული დისკუსიები ვიდეომასალის დემონსტრირებით.
• სხვადასხვა დარღვევების შესაფასებელი შკალების დეტალური განხილვა.
• ფიზიკური თერაპევტის, მეტყველების თერაპევტის, ფსიქოლოგის და ქცევის თერაპევტის ჩართულობით შემთხვევების მულტიდისციპლინური შეფასება SMART- ფორმატით, ICF-ის ჩარჩოს გამოყენებით.
• დისტანციური ნეირორეაბილიტაცია, პაციენტების შერჩევა და ეთიკური ნორმების დაცვა.
• პირველადი დახმარება ეპილეფსიური გულყრის დროს (ვიდეომასალა).
• ეთიკის საკითხები ინტერდისციპლინურ რეაბილიტაციურ მუშაობაში.
• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ოჯახის წევრების განათლების და მხარდაჭერის საკითხები.
სწავლების ორივე კომპონენტის დასრულებისას მოხდება მსმენელების ტესტირება თეორიულ და პრაქტიკულ უნარებში .
წარმოდგენილი თეორიულ/პრაქტიკული ტრენინგ-პროგრამის შედეგები:
მსმენელს ექნება:
• ცოდნა და გაცნობიერება ნევროლოგიური დარღვევებისა და დაზიანებებისა დაავადებების გლობალური ტვირთის (GBD-Global Burden of Disease-დაავადებების მორტალობა და მორბიდობა, დაზიანებებისა და ასევე მათ მიერ ჯანმრთელობისთვის გამომწვევ რისკ-ფაქტორები გლობალურ, ნაციონალურ და რეგიონულ დონეზე) ჭრილში და კორელაციაში DALY-თან (disabilityadjusted life years-დაავადების პრევალენსის შემთხვევების წლების ჯამი დაკარგული ადრეული მორტალობის გამო და წლებისა უნარშეზღუდულობით ცხოვრების).
• ცოდნა და გაცნობიერება მულტიფაქტორულ ნევროლოგიურ დარღვევებთან ასოცირებული ფუნციონირების სხვადასხვა სფეროების – მოძრაობის, კოგნიციის, ქცევის, ბალანსის, ტონუსური ცვლილეების – თანამედროვე .მულტიდისციპლინური ინტერვენციებისა დაზიანების არესთან, გავრცობადობასთან, ხანგრძლივობასთან და ასაკთან მიმართებაში.
• რეაბილიტაციური მკურნალობის მიზნების, უნარშეზღუდულობის მონიტორინგის, ცხოვრების ხარისხის და შეფასებების დინამიკის ამსახველი შესაბამისი შკალების განხილვა ICF-ის მოდელის ჩართულობით (რაც ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არ ხორციელდება); თანამედროვე ნეიროტექნოლოგიების როლი რეაბილიტაციის პროცესში.
• სხვადასხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან ასოცირებული ძალის, მოძრაობის სიფართის, სიარულის შეფასებისა და მართვის უნარები, ფიზიოთერაპიულ ტექნიკები, ანომალური პატერნების ჩანაცვლება ნორმალური ფიზიოთერაპიული მოძრაობითი ტექნიკებით კონტრაქტურების და დეფორმაციების პრევენციის მიზნით; მსხვილი მოტორული ფუნქციების ფასილიტაციური ტექნიკები ფუნქციური მოძრაობების გასაუმჯობესებლად; სწორი შეხება; ბენეფიციარის და მისი ოჯახის წევრების სწავლება თუ როგორ შესრულდეს ესა თუ ის ვარჯიში მაქსიმალურად, საკუთარი ძალისხმევით.
• კოლაბორაცია ოკუპაციურ თერაპევტებთან. ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტის ერთობლივი სეანსების ჩართვა გუნდურ მუშაობაში (ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არ ხორციელდება).
• დისტანციური ნეირორეაბილიტაციის როლი და მნიშვნელობა, ამ მეთოდის ჩართვა გუნდურ მუშაობაში, პაციენტების შერჩევა და ეთიკური ნორმების დაცვა.
• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ოჯახის წევრების მხარდაჭერის პრაქტიკული განხორციელება.
ჩვენის აზრით წარმოდგენილი ტრენინგ-პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში უკვე არსებულ ბავშვთა და მოზრდილთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის სერვისების ხარისხს, საერთაშორისო მიდგომებთან შესაბამისობას; ხელს შეუწყობს სხვადასხვა ნევროლოგიური და განვითარებითი დარვევების მქონე ადამიანების, მათი ოჯახებისა და მთლიანად, საზოგადოების ცხოვრების ხარისხის ამაღლებას, უნარშეზღუდულობის მქონე პირთა მდგომარეობის მართვის სამედიცინო მოდელიდან სოციალურ მოდელზე გადასვლას.
ტრენერები:
• ლიკა ყანდარელი, პროგრამის ხელმძღვანელი. დტსუ ასოც.პროფ. ნევროლოგი, ეპილეფტოლოგი
• მედეა ცხომელიძე. ნევროლოგი. რეაბილიტაციის მიმართულების ტრენერთა ტრენერი (USAID-ის და ემორის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი, 2018 )
• ელისო მურვანიძე. ფიზიკური თერაპიის დოქტორი; ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი. რეაბილიტაციის მიმართულების ტრენერთა ტრენერი (USAID-ის და ემორის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი)
• სალომე ბარბაქაძე. ოკუპაციური თერაპევტი. ბავშთა ადრეული განვითარების სპეციალისტი. რეაბილიტაციის მიმართულების ტრენერთა ტრენერი (USAID-ის და ემორის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი)
• ანა ჩაჩუა, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, BCBA დონის სრული კურსის კურსდამთავრებული.
• ქეთევან დობორჯგინიძე – მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტი.