ისტორია
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი (2011 წლამდე უმაღლესი სამედიცინო სკოლა ,,აიეტი’’) ფუნქციონირებს 1992-1993 სასწავლო წლიდან. მისი დაარსების იდეა უკავშირდება საზოგადოდ განათლებასა და განსაკუთრებით სამედიცინო განათლებაში საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობის იდეას; როცა ნათელი გახდა, რომ ძალზე დიდი იყო განსხვავება დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებსა და საბჭოური უმაღლესი განათლების სისტემებს შორის და რომ ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების მშენელობას, ქართული საზოგადოების განვითარებულ საერთაშორისო თანამეგობრობაში ინტეგრაციას განსხვავებული მიდგომები და საგანამათლებლო სისტემა სჭირდებოდა: უპირველეს ყოვლისა ისეთი აკადემიური საზოგადოების (პედაგოგი და სტუდენტი) ჩამოყალიბება, როცა ინსტიტუციის წარმატება მისი თითოეული წევრის ინიციატივასა და წარმატებულ საქმიანობას ეფუძნება.
საზოგადოდ ცნობილია, რომ ახალი სამედიცინო სკოლის დაარსება მის დამფუძნებლებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გავლენა მოახდინოს სამედიცინო განათლების სისტემაზე; აღზარდოს ისეთი პროფესიონალები, რომლებიც წარმატებით გაართმევენ თავს მომავლის ექიმის ყველა ფუნქციას. ამასთან, სამედიცინო განათლებაში საკუთარი, ნათლად განსაზღვრული ფილოსოფიური ბაზისის გარეშე, სამედიცინო სკოლა სწრაფად ტრანსფორმირდება ტრადიციული აქტივობების რუტინულ შემსრულებლად; ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პრინციპებისგან გადახვევა ხანგძლივი პერიოდით იწვევს სამედიცინო განათლების „დეპრესიას“. ამ თვალსაზრისით სწავლების პროცესის მართვის ორგანიზაციას, მეტიც მის წარმატებით იმპლემენტაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს; შესაბამისად, საგანმანათლებლო ინსტიტუციის მთავარ კითხვასთან ერთად-,,რა ასწავლოს’’ უმნიშვნელოვანესია განისაზღვროს ,,როგორ ვასწავლოთ’’; სწორედ ასეთი მიდგომით შემუშავდა უნივერისტეტის პირველი პროგრამა სრულიად განსხვავებული და ალტერნატიული საქართველოში (მთლიანად საბჭოთა კავშირში) მანამდე არსებული პროგრამებისა.
კურსდამთავრებულთა პირველმა მიღწევებმა, მათი შრომის (სწავლის) შედეგების აღიარებამ მათ შორის საერთაშორისო დონეზე, დაადასტურა ,,აიეტის’’ ავტორების და მისი აკადემიური საზოგადოების წევრთა რწმენა, რომ მხოლოდ ერთობლივი და მიზანმიმართული შრომით ხდება უნივერსიტეტთა ,,ხედვების’’ და სტუდენტთა ,,ოცნებების’’ რეალიზაცია. ამასთან, უნივერსიტეტის საქმიანობის პირველი წლები ყველაზე რთული იყო – სამოქალაქო ომის მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკური დაპირსიპირებების არენად ქცეულ, სინათლის, გათბობის, საკვების გარეშე დარჩენილ ქვეყანაში დტსუ-ს აკადემიური საზოგადოების წევრები ავლენდნენ გასაოცარ სიმტკიცეს; ყველა ზემოთაღნიშნულ პრობლემას სწავლებასა და სწავლაში განვითარებით პასუხობდნენ. დტსუ-ს აკადემიური საზოგადებისა და მისი მენეჯმენტის აზრი ამჟამადაც უცვლელია: ქვეყანა, მისი უნივერსიტეტები და ზოგადად საზოგადოება მის წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას სწორედ ამ გზით უნდა პასუხობდეს. ეს საფუძველი ჩაშენდა დტსუ-ს ფუნდამენტში სწორედ იმ პერიოდში (უნივერსიტეტის განვითარების პირველი ათწლეული) და შემდგომი თაობების სახელმძღვანელო გახდა. ამასთან, ზემოთაღნიშნული სრულებით არ ნიშნავს, რომ იგი კორპორაციული ინტერესების მქონე ან ჩაკეტილ სისტემაზე დაფუძნებით ცხოვრობდა, მას ყოველთვის ჰყავდა გულშემატკივრები, რომელებიც თანამონაწილებით, სტუდენტთა დახმარებითა და ხელშეწყობით გვერდში უდგანან უნივერისტეტს ექიმთა ახალგაზრდა თაობების აღზრდაში. ეს უპირველეს ყოვლისა ქართული სამედიცინო დაწესებულებები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და ქართული უნივერსიტეტებია; ამ თანადგომას დტსუ ძალიან უფრთხილდება და აფასებს. ეს არის კლაიპედას (ლიტვა) უნივერსიტეტი, ჩარლზის უნივერსიტეტის გრადეც კრალოვის, კიოლნის, სხვა უნივერსიტეტები, რომლებიც დტსუ-ს სტუდენტებსა და დოქტორანტებს ხელს უწყობენ პროფესიულ ზრდასა და წინსვლაში.
უნივერსიტეტის შემდგომ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების დაფუძნებამ და განვითარებამ (უნივერსიტეტი თავისი საქმიანობის მეორე დეკადის ბოლოს ავტორიზირებული და აკრედიტირებული პროგრამებით შეხვდა); უნივერისიტეტის საქმიანობის მესამე ათწლეულისათვის უმნიშვნელოვანესი იყო კერძო სამართლის იურიდიულ პირ უნივერსიტეტთა (დტსუ) ევროკავშირის დაფინანსებულ ერაზმუს + (ყოფილი ტემპუსი) საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა (ePBLnet, PACT); რამაც მას ახალი პარტნიორები და გამოცდილება შესძინა, საშუალება და ვალდებულება – სრულად გააზიაროს ცოდნა, ასევე საკუთარი კვლევებით მიღებული გამოცდილება პარტნიორ და/ან დაინტერესებული უნივერსიტეტებისთვის. ეს არის შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის მიერ ქვეყნისათვის (მათ შორის დტსუ) შექმნილი შესაძლებლობა სამეცნიერო კვლევების შეფასების (საგრანტო კონკურსის ფარგლებში) განხილვის საერთაშორისო ექსპერტულ კონტექსტში. სწორედ ამ წლებიდან უნივერსიტეტი ხდება მისი განვითარებისთვის საინტერესო ყველა ევროპული და საერთაშორისო (AMEE, AMSE, EBMA, ORPHEUS, UEMS, EUA) პროფესიული ფორმატის წევრი.
უნივერსიტეტს ჰყავს 932 კურსდამთვრებული. ამჟამად, 800 -ზე მეტი ქართველი და უცხოელი სტუდენტი სწავლობს დიპლომირებული მედიკოსის (ქართულ და ინგლისურ პროგრმაბეზე), დიპლომირებული მედიკოსის ე-პდს და სადოქტორო პროგრამებში; უნივერსიტეტში აკადემიური, ადმინისტრაციული, სხვა სწავლებისა და კვლევის ხელშემწყობი 300-მდე თანამშრომელი საქმიანობს; პროგრამის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს 7 დეპარტამენტი: 5 აერთიანებს 39 დისციპლინას (მიმართულებები) სხვადასხვა მოდულებში 74 სასწავლო კურსის მისაწოდებლად; ასევე დეპარტამენტები სამეცნიერო-კვლევითი და კლინიკურ უნარებში ტრენინგის მისაწოდებლად.
ამჟამად დტსუ, ისევე როგორც მთლიანად ქართული სახელმწიფო და მისი სამედიცინო განათლების სისტემა, ახალი გამოწვევების წინაშეა: ინტერნაციონალიზაცია გახდა უმაღლესი განათლების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი; ის გახდა გამოწვევაც და შესაძლებლობაც სამედიცინო სკოლებისათვის მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. უნივერსიტეტებში ქართველებთან ერთად უცხოელი სტუდენტები სწავლობენ. უნივერსიტეტისთვის ერთის მხრივ ეს შესაძლებლობაა ქართული კადრი გაზარდოს მაღალი კონკურენციის მულტიკულტურალურ გარემოში, როცა კონკურენციას საფუძვლად უდევს სწავლის შედეგების ხარისხზე ორიენტირებული ურთიერთგანვითარება; და ამავდროულად ვალდებულება ,,აღებული’’ იმ ქვეყნების საზოგადოების წინაშე, სადაც ისინი დაბრუნდებიან და განახორციელებენ პროფესიულ საქმიანობას.