დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა
პროგრამა გამიზნულია უმაღლესი სამედიცინო განათლების მესამე საფეხურისთვის, რომლის წარმატებით დასრულების შედეგად კურსდამთავრებულს ენიჭება მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
სწავლება მიმდინარეობს ქართულ (სწავლებისა და შეფასების ნაწილში ინგლისურენოვანი კომპონენტების გამოყენებით) ენაზე.
პროგრამაზე დაიშვება ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეული დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
პროგრამის მიზანია – ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში შემდგომი დამოუკიდებელი აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების ინტეგრირებული სწავლება ცალკეულ საკვლევ მიმართულებებში სიღრმისეული შემეცნების უზრუნველყოფით.
დასაქმების სფერო – ბიოსამედიცინო და ჯანდაცვის დარგში აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობა.
პროგრამა 3 წლიანია, რომელიც სრულდება სამეცნიერო კვლევითი ნაშრომის (დისერტაციის) დაცვით.
სამეცნიერო კომპონენტი მოიცავს:
- თანამედროვე ბიბლიოგრაფიისა და გამოქვეყნებული მასალების სრულყოფილ მიმოხილვას
- საკვლევი მასალების შეგროვებას
- სხვადასხვა თანამედროვე სამეცნიერო წყაროების დამუშავებას
- მონაცემთა ანალიზსა და შედეგების განხილვას
- სტატიებისა და დისერტაციის თავების გაფორმებას
- დისერტაციის საბოლოო სახით მომზადებას და მის დაცვას.
დისერტაციის დაცვაზე გატანის აუცილებელი წინაპირობაა სამედიცინო-ბიოლოგიური მეცნიერებებისთვის არსებითი მნიშვნელობის თეორიული, ექსპერიმენტული ან კლინიკური შედეგების არსებობა და სხვადასხვა სასწავლო კურსებისა და აქტივობების შემცველი 30 კრედიტიანი სავალდებულო სასწავლო კომპონენტის შესრულება. სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვის შედეგად დოქტორანტს ენიჭება მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში.