დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია (შემდგომში ცენტრალური ლაბორატორია) დაარსდა უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევების განხორციელებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობის მიზნით.
ცენტრალურ ლაბორატორიაში ხორციელდება როგორც ფუნდამენტური, ისე გამოყენებითი კვლევები და შედგება 5 თემატური ლაბორატორიისაგან, ესენია: გარემო ფაქტორების ზეგავლენის შემსწავლელი, ელექტროფიზიოლოგიური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობენ ერთმანეთთან და აწარმოებენ მულტიდისციპლინურ კვლევებს; პათომორფოლოგიური და ბიოქიმიური ლაბორატორიები, ამჟამად ფორმირების პროცესშია.
ცენტრალური ლაბორატორია ეხმარება სტუდენტებს აქტიურად ჩაერთონ სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში, უშუალო მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე სამეცნიერო პროექტების განხორციელებასა და დანერგვაში, აითვისონ შესაბამისი ლაბორატორიულ-მეთოდოლოგიური და სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.
ლაბორატორია მოიცავს ექსპერიმენტული და ინსტრუმენტული კვლევების ოთახებს, აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო და კომპიუტერული ტექნიკით. ცენტრალური ლაბორატორიის თანამშრომლები აქტიურ მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო და ადგილობრივ თემატურ კონფერენციებში, აქვეყნებენ სტატიებს მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში და თანამშრომლობენ მსოფლიოს შესაბამის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან.
მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის კვლევების სფეროა: გამოყენებითი მიკრობიოლოგია, ბაქტერიოფაგები და ფაგოთერაპია.
სურათი 1.2. მიკრობიოლოგიური ლაბორატორია
ელექტროფიზიოლოგიურ ლაბორატორიაში შესაძლებელია რიგი ელექტროფიზიოლოგიური კვლევის განხორციელება. ლაბორატორიის ინტერესის სფეროს მიეკუთვნება ქერქის ელექტრული ნეირონული აქტივობის შესწავლა.
სურათი 3.4. ელექტროფიზიოლოგიური ლაბორატორია
გარემო ფაქტორების ზეგავლენის შემსწავლელი ლაბორატორიის შესწავლის საგანია კოსმოსური ამინდისა და გეომაგნიტური ქარიშხლების ზეგავლენის შესწავლა ადამიანის კარდიოვასკულურ, ცენტრალურ და ვეგეტატურ ნერვულ სისტემებზე, შესაბამისი სტრეს რეაქციების გაზომვით, გულის რიტმის ვარიაბელობის, ელექტროკარდიოგრაფიის, ელექტროენცეფალოგრაფიისა და ნეიროქცევითი ცვლილებების შეფასების მეთოდების გამოყენებით.
სურათი 5. 6. გარემო ფაქტორების ზეგავლენის შემსწავლელი ლაბორატორია
2014-2016 წლებში, ლაბორატორიამ მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცენტრის გრანტი (ISTC, project G-2094 "Elaboration of a universal test of magnetosensitivity" http://www.istc.int/en/project/B569F5326165AE1044257C3E003BB52D).
პროექტის შედეგების იმპლემენტაციის საფუძველზე ლაბორატორიაში შესაძლებელია ბიოსამედიცინო და მაგნიტობიოლოგიური კვლევების განხორციელება, გეომაგნიტური ველის ექსპერიმენტული იმიტაციისა და კომპენსაციის მეშვეობით.
2018 წელს ლაბორატორიის სამეცნიერო კვლევითმა ჯგუფმა მიიღო საქართველოს პატენტი IPR P 6823, Bulletin of Patents, 20 (480), „გეომაგნიტური ქარიშხლების მოდელირების ხერხი“- ს შემუშავებისათვის.
ეთიკური ასპექტი
ცენტრალურ ლაბორატორიაში განხორციელებული კვლევების ეთიკური სტანდარტები სრულ შესაბამისობაშია: საქართველოს კანონმდებლობასთან, ჰელსინკის დეკლარაციასა და მონაცემთა დაცვის პირობებთან. კვლევებში მონაწილე ყველა პირი იძლევა წერილობით თანხმობას კვლევებში მონაწილეობაზე. კვლევები ხორციელდება აშშ ჯანმრთელობის ინსტიტუტის კლინიკური კვლევების განხორციელების გაიდლაინების მიხედვით (https://clinicaltrials.gov/ct2/about-studies/learn). გამოყენებული ინსტრუმენტული კვლევების პროცედურები და მეთოდები არაინვაზიურია და დამტკიცებულია შესაბამისი გაიდლაინების საფუძველზე.