
ამერიკელი კოლეგების ვიზიტი დტმუ-ში: შეხვედრები სტუდენტებთან და ლექცია აკადემიური მენტორობის შესახებ
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტმა 20–24 აპრილს უმასპინძლა ორ საერთაშორისოდ აღიარებულ მეცნიერს – პროფესორ ჯეფრი სამეტს და პროფესორ კარსტენ ლუნცეს (ბოსტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა და ბოსტონის სამედიცინო ცენტრი, ზოგადი შინაგანი მედიცინის განყოფილება).
ვიზიტის ფარგლებში, 20 აპრილს, გაიმართა შეხვედრები როგორც მედიცინის ფაკულტეტის (MD), ასევე დოქტორანტურის (PhD) სტუდენტებთან. აღნიშნულმა შეხვედრებმა სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა გაცნობოდნენ ბოსტონში მიმდინარე კლინიკურ და სამეცნიერო საქმიანობას, გაეზიარებინათ საკუთარი კვლევითი ინტერესები და მიეღოთ პროფესიული რჩევები აკადემიური და კარიერული განვითარების მიმართულებით. შეხვედრები გამოირჩეოდა აქტიური ჩართულობითა და საინტერესო დისკუსიებით.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა პროფესორ ჯეფრი სამეტის ლექცია აკადემიური პერსონალისთვის თემაზე აკადემიური მენტორობა და ზედამხედველობა. ლექცია შეეხებოდა ეფექტური მენტორობის პრინციპებს, მენტორსა და მენტორის შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და კვლევითი პოტენციალის განვითარებას აკადემიურ გარემოში. მონაწილეებმა იმსჯელეს პრაქტიკულ მიდგომებზე, რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდა პროფესიონალებისა და მკვლევრების მხარდაჭერას.
შეხვედრების დასრულების შემდეგ, AIETI-ის სამედიცინო სკოლის დეკანმა, პროფესორმა ნინო ტაბაღარმა, პროფესორ ჯეფრი სამეტს გადასცა მადლობის სიგელი საქართველოში და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური პოტენციალის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. სიგელი ასევე აღნიშნავდა მის ერთგულ მენტორობას, თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილ მნიშვნელოვან მხარდაჭერას და იმ მნიშვნელოვან გავლენას, რომელიც მისმა ხელმძღვანელობამ, გულუხვობამ და პროფესიულმა ერთგულებამ იქონია როგორც ინდივიდუალურ, ასევე ინსტიტუციურ განვითარებაზე.
21 აპრილს სტუმარმა პროფესორებმა ასევე მოინახულეს გაგუას კლინიკა, რომელიც დტმუ-ს ერთ-ერთი ხანგრძლივი სასწავლო და კვლევითი ბაზაა. ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა კარსტენ ლუნცემ წაიკითხა ლექცია თემაზე „პრევენციის დანერგვა პირველადი ჯანდაცვაში: საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სისტემებისა და განათლების განვითარება“. ლექციის შემდეგ გაიმართა ინტერაქტიული დისკუსია, რომლის დროსაც კლინიკის თანამშრომლებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეზიარებინათ საკუთარი კვლევითი იდეები და მიეღოთ უკუკავშირი ამერიკელი კოლეგებისგან.
პროფესორი ჯეფრი სამეტი არის შინაგანი მედიცინისა და დამოკიდებულებების კვლევის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, რომლის საქმიანობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პირველადი ჯანდაცვის სისტემაში დამოკიდებულებების მკურნალობის ინტეგრირებაში. პროფესორი კარსტენ ლუნცე არის გლობალური ჯანმრთელობის ექსპერტი, რომელიც აქტიურად მუშაობს მოწყვლადი ჯგუფებისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებაზე. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის აპრილში კარსტენ ლუნცეს მიენიჭა დტსუ-ს საპატიო პროფესორის წოდება.
დტმუ-სთვის დიდი პატივია ასეთ გამორჩეულ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა. უნივერსიტეტი აგრძელებს აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, კვლევითი შესაძლებლობების განვითარებას და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული ზრდის მხარდაჭერას.



