
დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდის წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე „Medicine of the Future“
დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდმა საერთაშორისო სამედიცინო ოლიმპიადის – „Medicine of the Future“ – პრაქტიკული OSCE ეტაპის შედეგებით 102 მონაწილე გუნდს შორის მეექვსე ადგილი დაიკავა. ეს შედეგი უნივერსიტეტის გუნდის მაღალ მომზადებასა და კლინიკური უნარების სათანადო დონეზე ფლობას უსვამს ხაზს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს საერთო შედეგიც: OSCE-ის ეტაპზე ქვეყნების რეიტინგში საქართველომ მეოთხე პოზიცია დაიკავა, ხოლო ტვილდიანის უნივერსიტეტის გუნდმა ქართველ მონაწილე გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და ქვეყნის საერთო წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
უნივერსიტეტის სახელით ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ ლიზა ოსეფაშვილი, საბა ახალაძე, ანა ანაკიძე, გიორგი ელიაშვილი და გიორგი კაპანაძე. მენტორი: გიორგი კვიცინაძე
„Medicine of the Future“ ყოველწლიური საერთაშორისო შეჯიბრებაა, რომელიც სამედიცინო მიმართულების სტუდენტებს აერთიანებს. ღონისძიებას ტაშკენტში, უზბეკეთში მდებარე აზიის ცენტრალური უნივერსიტეტი (Central Asian University) მასპინძლობს. ოლიმპიადაში დაახლოებით 25 ქვეყნის 100-ზე მეტი სტუდენტური გუნდი მონაწილეობს, რომელთაგან თითოეული ხუთი წევრისგან შედგება.
ოლიმპიადა რამდენიმე ეტაპად ტარდება და მონაწილეებისგან როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ კლინიკურ უნარებს მოითხოვს. პირველ ეტაპზე კანდიდატები ონლაინ შესარჩევ პროცესსა და მოსამზადებელ აქტივობებს გადიან. ადგილზე ჩასვლის შემდეგ ნახევარფინალი OSCE-ის (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის) ფორმატით იმართება. მონაწილეებს ხუთ კლინიკურ სადგურზე უწევთ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა ქირურგია, პედიატრია, შინაგანი მედიცინა, გინეკოლოგია და გადაუდებელი მედიცინა. თითოეული დავალება პრაქტიკული უნარებისა და კლინიკური აზროვნების შეფასებას ემსახურება.
შეჯიბრების დასკვნითი ეტაპი მომდევნო დღეს ტარდება და ქვიზის ფორმატს მოიცავს. დავალებები ეფუძნება კლინიკურ შემთხვევებსა და სამედიცინო ცოდნის შემოწმებას, ზოგჯერ კი მონაწილეებს მედიცინასთან დაკავშირებული ხელოვნებისა და კინემატოგრაფიის ელემენტების ამოცნობაც უწევთ. საბოლოო შედეგები ყველა ეტაპზე მიღებული ქულების შეჯამებით განისაზღვრება.
ტვილდიანის უნივერსიტეტის გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტების კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში და უნივერსიტეტის წვლილს მომავალი ექიმების პროფესიულ განვითარებაში.



