დტსუ-ს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ETHICS პროექტის პირველ საერთაშორისო შეხვედრაში, რომელსაც ჩარლზის უნივერსიტეტმა უმასპინძლა
2023 წლის 2-5 მაისს ქ. პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკა გაიმართა პროექტის ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ პარტნიორთა პირველი საერთაშორისო შეხვედრა. შეხვედრებს უმასპინძლა ჩარლზის უნივერსიტეტის პირველმა სამედიცინო ფაკულტეტმა. შეხვერდაში მონაწილეობას იღებდნენ პროექტის პარნიორი ევროპული დაწესებულებების, ქართული უმაღლესი სასწავლებების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციამ – პროფ. სერგო თაბაგარი, ვიცე რექტორი სტრატეგიული მართვისა და განვითარების დარგში, პროფ. გურამ სანადირაძე, ვიცე რექტორი სამეცნიერო დარგში, პროფ. ნინო თაბაგარი, დეკანი და პაატა ცაგარეიშვილი, დეკანის მოადგილე სამედიცინო განათლების დარგში.
შეხვედრის 4-დღიანი პროგრამა მოიცავდა პროექტის მართვის შეხვედრებს, ლექციებსა და გამოცდილების გაზიარების სესიებს. პროექტის მართვის შეხვედრებზე განხილულ იქნა პროექტის მიზნები და ამოცანები, სამუშაო პაკეტები, სამუშაოთა განხორციელების გრაფიკი, ფინანსური მართვისა და სხვა საკითხები.
სასწავლო ტურის პროგრამის ფარგლებში ჩარლზის უნივერსიტეტის, მასარიკის უნივერსიტეტის, ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის და აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ასოციაციის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გაუზიარეს აკადემიური კეთილსინდისიერებისა და კვლევის ეთიკის საკითხებთან დაკავშირებული საუკეთესო პრაქტიკები და რეკომენდაციები.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://ethics.iliauni.edu.ge