30 ივლისს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა.
ქვეყანაში არსებული ეპიდ-ვითარების გათვალისწინებით, მეორე წელია ღონისძიება მოკრძალებულად აღინიშნება.
ღონისძიების მსვლელობისას, წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ დამამთავრებელი კურსის სტუდენტის, დავით მარგიანის ხსოვნას, ასევე, გავიხსენეთ კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილი ადამიანები.
ღონისძიებაზე კურსდამთავრებულთა წინაშე სიტყვით წარსდგნენ უნივერსიტეტის რექტორი, ბ-ნ ლევან ტვილდიანი და დეკანი, ქ-ნ ნინო ბრეგვაძე.
ტრადიციულად, რექტორის მიერ, წელსაც დასახელდა დამამთავრებელი კურსის საუკეთესო სტუდენტი.
აღნიშნული ნომინაცია მარიამ მეფისწვერიძეს და ანა სინაურიძეს ერგოთ.
გამარჯვებულებს „რექტორის რჩეული“-ს ჯილდო და ფულადი პრიზი გადაეცათ.
უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოთქვეს „ჰიპოკრატეს ფიცი“ დასტურად იმისა, რომ ემსახურებიან ცხოვრებაში მეტად ჰუმანურ საქმეს, რაც ძალიან დიდ შრომასა და თავდადებას მოითხოვს თითოეული ექიმისგან.
კურსდამთავრებულებმა დადეს ფიცი, რომ მუდამ იზრუნებენ პაციენტის ჯანმრთელობაზე და ადამიანთა სიცოცხლეზე.
მათ გადაეცათ სერთიფიკატები და გულსაბნევები საიდენტიფიკაციო ნომრითა და დავით ტვილდიანის ხელმოწერით.
უკვე მეექვსე წელია, დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, თავიანთი შეხედულებისამებრ ასახელებენ სწავლის 6 წლის მანძილზე საუკეთესო ლექტორს ბაზისური და კლინიკური კურსიდან.
2021 წლის გამოსაშვები კურსის მიერ, ბაზისური კურსის საუკეთესო ლექტორად დასახელდა - თამარ კეზელი, ხოლო კლინიკური კურსის საუკეთესო ლექტორად დასახელდა - მაკა იოსელიანი.
გამოსაშვებ საღამოზე სიტყვით წარსდგნენ დამამთავრებელი კურსის სტუდენტები: ირაკლი ჩიქოვანი, არიან მალჰოტრა და ტოფუმნი ომალაჯა.
ცერემონიალის ოფიციალური ნაწილი ტრადიციულად ჰიმნის, „Gaudeamus igitur“ შესრულებითა და ქუდების აყრით დასრულდა.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს კურსდამთავრებულებს.