ახალგაზრდული სამეცნიერო-კვლევითი გაერთიანება „ვიტალისის“ ორგანიზებით, ჩატარდა ონკო 2015-ის ფინალური კონფერენცია. კონფერენცია გაიმართა 2015 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. ონკო 2015 ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტების დაინტერესებას. კერძოდ, სტუდენტები გაეცნენ ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ამ სფეროს ინოვაციური სიახლეების დეტალებს. პროექტში მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები შემდეგი უნივერსიტეტებიდან: დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამედიცინო სკოლა „ჰიპოკრატე“, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ღონისძიება გაიხსნა აკადემიკოსი ფ. თოდუას და პროფესორი რემა გამიჩოვას მისასალმებელი სიტყვით. შემდეგ სტუდენტებმა წარმოადგინეს ნაშრომები ორ კატეგორიაში - ზეპირი პრეზენტაციების ან პოსტერების სახით. ზეპირი პრეზენტაციით გამოვიდნენ დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები კარენ სტელინი და ნატა ნაკაიძე. მათ მოიპოვეს მეორე ადგილი პრეზენტაციით - „ონკოლიზური ვირუსოთერაპია“. ამავე უნივერსიტეტის სტუდენტის, ჰიმაბინდჰუ პენუგანჩიპროლუს პოსტერი- „რადიოთერაპია და პასუხი ქიმიოთერაპიაზე ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებში“, დაჯილდოვდა მეოთხე ადგილით პოსტერებს შორის. საუკეთესო ხუთი პოსტერი შეირჩა სპეციალური კომიტეტის მიერ, რომელსაც შეადგენდნენ ცნობილი აკადემიკოსები, ექიმები და მეცნიერები. გამარჯვებულებს შეეძლებათ მათი ნაშრომების დაბეჭდვა სამეცნიერო ჟურნალში. ბატონმა ვახტანგ თებიძემ შეაჯამა ღონისძიება და გადასცა სერტიფიკატები მონაწილეებს.